არქიმანდრიტი ილარიონი: ხელისუფლების მიდგომა გარეჯის თემის მიმართ არაეროვნული და დანაშაულებრივია. 20 ივლისი 2012

1-analit-ilarion

საქინფორმის ჟურნალისტი შორენა სიხარულიძე დავითგარეჯში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა დავითგარეჯის ლავრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ილარიონს (ჭიღლაძეს) და მასთან ინტერვიუ ჩაიწერა სპეციალურად ჩვენი სააგენტოსთვის.

– მამა ილარიონ,  უპირველეს ყოვლისა,  მადლობას გადაგიხდით,  რომ გამონახეთ დრო ჩვენთან სასაუბროდ. ვნებათაღელვა გარეჯის ლავრის მიმართ დღესაც არ წყდება, მეტიც – საზოგადოებას, მორწმუნე მრევლს მიაჩნია, რომ უსამართლოდ „მიჩუმათდა“ ერის ეს უდიდესი ტკივილი… დღეს რა მდგომარეობაა გარეჯში, კერძოდ კი –  უდაბნოს მონასტერთან დაკავშირებით?

– დღეს, ფაქტობრივად, იგივე მდგომარეობაა… 21 მაისის შემდეგ (მიმდინარე წლის, – საქინფორმი), როდესაც ჩვენ ერთობლივად ვილოცეთ,  როცა მოვიდნენ სასულიერო პირები, მრევლი, მღვდელმთავრები… ფაქტობრივად, მდგომარეობა არ შეცვლილა. უდაბნოს მონასტერში დგანან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. ჩვენ ისევ ველოდებით ამ საკითხის გადაწყვეტას.

– ანუ მდგომარეობა არის ისეთივე, რაც იყო 21 მაისამდე?

– არა, 21-მდე არ უშვებდნენ მომლოცველებსა და ტურისტებს. 21-ის შემდეგ უკვე მისცეს მრევლსა და მომლოცველებს მონასტერში შესვლის უფლება, მაგრამ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ისევ დგანან მონასტრის ტერიტორიაზე.

– მამაო, მხოლოდ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არიან, თუ ქართველი მესაზღვრეებიც დგანან?

– აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან ერთად დგანან ქართველი მესაზღვრეებიც.

– ისე, რა საოცრად „დაემთხვა“ 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულს, როცა მონასტრის ბერები წმიდა გიორგის სადღესასწაულო წირვას აღავლენდნენ, აზერბაიჯანელების მიერ უდაბნოს მონასტრის დაკავება და თავიანთ ტერიტორიად გამოცხადება (ასევე „დაემთხვა“ მეორე დღეს – 7 მაისს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 6-7-ბალიანი მიწისძვრა)! მანამდე აზერბაიჯანული მხარე თუ უქმნიდა პრობლემას მომლოცველებსა და ბერებს უდაბნოს მონასტერში შესვლასთან დაკავშირებით?

– იგივე პრობლემა წარმოიშვა 2007 წელსაც. მოხდა იგივე, რაც წლევანდელ გიორგობას,     მაგრამ  მაშინ მიღწეულ იქნა შეთანხმება აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ ვიდრე არ მოგვარდებოდა საზღვრის საკითხი, ჩვენ ჩვეულებრივ გავაგრძელებდით ცხოვრებას,     ასევე, მომლოცველებიც და ტურისტებიც ჩვეულებრივ შევიდოდნენ უდაბნოს მონასტერში და  პრობლემები არ შეექმნებოდათ. მაგრამ, რატომღაც, რამდენიმე წლის შემდეგ ისევ განმეორდა მსგავსი შემთხვევა…

ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ამ წლების განმავლობაში არაფერი გაკეთებულა გარეჯის  პრობლემის მოსაგვარებლად… ჩვენ იმედი გვქონდა, რომ მიდიოდა მოლაპარაკებები ბერთუბანთან დაკავშირებით…

კომუნისტების მმართველობის დროს, კერძოდ კი, ჯუმბერ პატიაშვილის მმართველობის პერიოდში, დღის წესრიგში იდგა საკითხი, რომ ბერთუბანი გადაცვლილიყო სხვა,     მიმდებარე ტერიტორიაზე და ჩვენ დაგვბრუნებოდა ჩვენი სიწმინდე… რუკაც კი არსებობს ამისათვის შედგენილი. მაგრამ მერე მოხდა არეულობა საქართველოში…ყველას გვახსოვს ის შავბნელი პერიოდი. მას შემდეგ საქართველოში ვერ დალაგდა მდგომარეობა და ვერ მიექცა ამ საკითხს სათანადო ყურადღება, ამიტომაც ეს საკითხი ღიად დარჩა და დღემდე ასე მწვავედ  დგას.

ჩვენ გვქონდა იმედი, რომ ჩვენი ხელისუფლება გააგრძელებდა ბერთუბნის შესახებ მოლაპარაკებას და ამ იმედს დღემდე არ ვკარგავთ – შეუძლებელია, ბერთუბანი წარმოვიდგინოთ სხვა ქვეყნის ტერიტორიად… ჩვენ ველოდებოდით პასუხს ამ საკითხზე    და ამასობაში, ნაცვლად იმისა, რომ ბერთუბანი დაგვბრუნებოდა, უდაბნოს მონასტერიც მოინდომა აზერბაიჯანმა! უდაბნოს მონასტერი, რომელზეც მანამდე პრეტენზია აზერბაიჯანს არასოდეს ჰქონია. იქ არასოდეს მდგარან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები     და ამ ტერიტორიაზე ყოველთვის მიმდინარეობდა ჩვენი მხრიდან სარესტავრაციო სამუშაოები. 80-იან წლებში იქ ჩვენი მეცნიერები ინტენსიურად მუშაობდნენ და ხელი არასოდეს შეშლიათ…

ისტორიას თუ გადავხედავთ, ერთხელ მოხდა დარბევა აზერბაიჯანის მხრიდან. ეს იყო 1918 წელს, როცა იქ შეიჭრნენ აზერბაიჯანელი მწყემსები და შეიარაღებული პირები – ბერებს სცემეს და სიწმინდეები შეურაცხყვეს. როგორც იმდროინდელი ჩანაწერებიდანაა ცნობილი, ისინი ამბობდნენ –  ეს ჩვენი ტერიტორიაა და ჩვენ მოგვცესო. ეს კიდევ უფრო შავბნელი პერიოდი იყო ჩვენი ისტორიისა და, სამწუხაროდ, ეს შავბნელი პერიოდი აღარ დამთავრდა ჩვენს ქვეყანაში… და ასე ვკარგავთ და ვკარგავთ ჩვენს სიწმინდეებს, ჩვენს მამაპაპეულ  მიწებს, მაგრამ იმედი მაინც არ უნდა დავკარგოთ, რომ ეს ტერიტორიები აუცილებლად დაუბრუნდება საქართველოს. რა თქმა უნდა, ეს არ არის იოლად მოსაგვარებელი საკითხი, მაგრამ ჩვენ იმედს არ ვკარგავთ…

– მამაო, უშუალოდ უდაბნოს მონასტერზე აზერბაიჯანულმა მხარემ პირველი პრეტენზია როდის გამოთქვა, მანამდე მათი მხრიდან იყო მცდელობა?

– როდესაც პირველად მოხდა ასეთი ინციდენტი 2007 წელს და დაიწყო მოლაპარაკებები,    მაშინ აზერბაიჯანის მხარემ წარმოადგინა რუკა, რომელზეც სახელმწიფო საზღვარი გადიოდა უდაბნოს მონასტრის მიღმა. უდაბნოს მონასტერი აშკარად იყო საქართველოს ტერიტორიის შემადგენლობაში. ეს მათი – აზერბაიჯანული რუკით! მაგრამ, სამწუხაროდ,     ჩვენი მხრიდან ჩვენი კომისიის წევრებმა დადეს ისეთი რუკა, რომელზეც საზღვარი გადიოდა ისე, როგორც დღეს ითხოვს აზერბაიჯანი!

– მამაო,  ვერ გავიგე… როგორ, აზერბაიჯანმა მის მიერვე წარმოდგენილი რუკით „დაამტკიცა“,  რომ უდაბნო ქართველების იყო და ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა პირიქით – თვალწინ ააფარეს რუკა, რომლითაც, ფაქტობრივად, აზერბაიჯანს აჩუქეს ეს ტერიტორია?..

– ჩვენი დანაშაული სწორედ ესაა, რომ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა ასეთი ეროვნული საკითხის მიმართ! რადგანაც, როცა აზერბაიჯანულმა მხარემ ნახა, რომ ჩვენები მათ ელაპარაკებოდნენ ამ რუკით, თავისთავად ცხადია, რომ მათ პრეტენზია გაუჩნდათ უდაბნოს მონასტერზე! ჩვენებმა თვითონ დაუმტკიცეს, რომ უდაბნო მათი იყო! მეტსაც გეტყვით, ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენლები, მინისტრები და მათი მოადგილეები, გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ ეს აზერბაიჯანული ტერიტორიაა! ამის შემდეგ აზერბაიჯანელებს რაღა უნდა მოვთხოვოთ? როდესაც სახელმწიფოს ოფიციალური პირი გამოდის და ხმამაღლა აცხადებს, რომ ეს აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორიაა,    თავისთავად ცხადია, აზერბაიჯანელები იქ თავიანთ მესაზღვრეებს ჩააყენებდნენ!

საქართველოს ხელისუფლების მიდგომა გარეჯის თემის მიმართ ძალზე არასერიოზული, არაეროვნული და დანაშაულებრივია! დიახ, პირდაპირ ვიტყვი – დანაშაულებრივი! ყოველ შემთხევაში, დღემდე ასე იყო… ახლა კი ველოდებით… ვნახოთ,    რა იქნება.

– ამაო, თუკი აზერბაიჯენელებს „ეკუთვნით“ ბერთუბანი, მაშინ გამოდის, რომ კანონიერი იყო ამ რამდენიმე დღის წინათ აზერბაიჯანელების მიერ იმ გარეჯელი ბერების დაკავება,    რომელთაც ბერთუბნის მონასტერში უნდოდათ გადასვლა…  

– საქმე ცოტა სხვაგვარადაა. ჩვენები იქ გადავიდნენ ყოველგვარი წესების დაცვით – საბაჟო ტერმინალისა და საპასპორტო კონტროლის გავლით. მათი ავტომანქანაც კი კონტროლზე ჰყავდათ. მეტიც – მათ დაზღვევაც კი აღებული ჰქონდათ, ჩვეულებრივ, როგორც წესი და რიგია,  როგორც შეეფერება ორ ცივილიზებულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობას. მაგრამ აზერბაიჯანულმა მხარემ რაღაც მიზეზები მოიგონა ალბათ იმისათვის, რომ ხელმეორედ აღარ გაუჩნდეთ სასულიერო პირებს იქ შესვლის სურვილი! და არა მხოლოდ სასულიერო პირებს, არამედ საქართველოს ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც. მათ მშვენივრად უწყიან, რომ ეს არის ჩვენი მონასტერი, ჩვენი ტერიტორია, ჩვენი ისტორია და  კულტურა.  ისაკუთრებენ რა მას, არ უნდათ, რომ იქ ქართველი გამოჩნდეს და მით უფრო –    სასულიერო პირი. ეს იყო მათი მხრიდან ხელოვნურად მოწყობილი პროვიკაცია, რაც  აზერბაიჯანელებს ძალიან ცუდად, არამეგობრულად გამოუვიდათ, რადგანაც  ჩვენი სასულიერიო პირების დაკავების კანონიერი მიზეზი არ არსებობდა: გაატარეს საბაჟო კონტროლზე, შეუშვეს მესაზღვრეებმაც და თვითონვე მიიღეს იქ სამხედრო პირებმა…    მეტიც – ჩაითაც კი გაუმასპინძლდნენ. ამის შემდეგ ალბათ რაღაც ინსტრუქციები მიიღეს ზევიდან. ჩვენმა სასულიერო პირებმა ასე თქვეს, რომ ისინი აშკარად ყოყმანობდნენ და არ იცოდნენ, რა ექნათ, რადგან ელოდებოდნენ ზევიდან მითითებებს… და ეტყობა, ვიღაცამ ზევიდან  (მე ამას „ზევიდან“  ვერ დავარქმევ) უბრძანა – ისე გაუშვით, რომ მეორედ აქეთ აღარ მობრუნდნენო! ამ მხრივ ძალიან ბარბაროსულად მოიქცნენ. აზერბაიჯანულმა მხარემ თვითონვე ჩაიდინა ჩვენ მიმართ დანაშაული. თუკი არ იყო იქ შესვლის ნებართვა, მაშინ საერთოდ რატომღა შეუშვეს? ჩვენები ძალით არ შეჭრილან – შეუშვეს მესაზღვრეებმა,    პასპორტებში ვიზებიც აქვთ ჩარტყმული.

– მამაო, მჯერა, რომ ჩვენი სასულიერო პირები დანაშაულებრივად, უკანონოდ არ გადაკვეთდნენ სხვისი სახელმწიფოს საზღვარს… ვიცი, რომ ბერთუბანთან აზერბაიჯანელებს სამხედრო ბაზა აქვთ. რამდენი ხანია, რაც ეს ბაზა არსებობს?

– დაახლოებით, 10 წელია, რაც მათ ეს სამხედრო ბაზა ააშენეს ყოველგვარი წესების დარღვევით, რადგანაც, მე რამდენადაც ვიცი, ვიდრე არ არის დადგენილი საზღვარი და მიმდინარეობს მოლაპარაკება, დაუშვებელია ამ ტერიტორიაზე სამხედრო ნაგებობის აშენება, მათ კი საზღვრის დადგენამდე ააშენეს ეს ბაზა, ანუ თავს მოგვახვიეს თავიანთი პრეტენზია…  ესე იგი, ისინი უკვე თვლიან, რომ ეს ტერიტორია არის მათი და ეს საკითხი აღარ ექვემდებარება განხილვას. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ეს საკითხი არ არის ბოლომდე მოგვარებული, მაშინ იქ ვერ გაბედავდნენ ვერაფრის აშენებას. ჩვენი მხრიდანაც უნდა ყოფილიყო ამ საკითხზე სათანადო რეაგირება. ეს, საწმუხაროდ, ასე არ მოხდა… და მე მგონია,  პასუხი ამაზე ადრე თუ გვიან ვინმეს აუცილებლად მოეკითხება…

– უფლის სამართალი ხომ ყველას მიუჩენს თავის ადგილს… ჩვენი უწმიდესი ხშირად გვიმეორებს და გვახსენებს,  რომ „როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა“… და სამშობლოს თითოეული გოჯის ასე გასხვისება, ასე უპასუხისმგებლოდ მოპყრობა არავის ეპატიება! იმ მიწის, რომელიც წმინდანთა, 6000 გარეჯელი ბერის წმინდა სისხლითაა გაპოხილი და მორწყული…

წეღან ჩვენ ვსაუბრობდით,  მე გითხარით,  ამბობენ, რომ გარეჯი ქართველთა თებაიდაა,    თქვენ კი მიპასუხეთ  – ის თებაიდაზე მეტიაო…

– რა თქმა უნდა, არ შეიძლოება, რომ წმინდა ადგილები ერთმანეთს შევადაროთ, მაგრამ მე ამ დროს გამოვედი ჩვენი ისტორიული გადმოცემიდან, რომლის მიხედვითაც, მამა დავით გარეჯელის იერუსალიმში მოგზაურობის შემდეგ მესამედი მადლი იერუსალიმისა გარეჯშია გადმობრძანებული. ამაზე საუბარი საღვთისმეტყველო კუთხით შეიძლება „სახალისოდაც“ კი მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ ეს ჩვენი ისტორიული გადმოცემაა და ჩვენი სამონასტრო ცხოვრების, თუ შეიძლება ასე ითქვას, ლამაზი პასაჟია. ამიტომაც ჩვენთვის,    ქართველებისთვის, უფრო მეტია გარეჯი, ვიდრე – თებაიდა!.. ჩვენ გვჯერა, რომ მესამედი მადლი იერუსალიმისა ჩვენთან არის…

– მამაო, ალბათ სწორედ ამიტომ გვიყვარს და გვტკივა ქართველებს გარეჯი განსაკუთრებულად – გარეჯი ჩვენთვის თითქოს საკრალური ადგილია… ამას კი თქვენ,    იქ მოღვაწე სასულიერო პირები, განსაკუთრებულად გრძნობთ; თქვენ, რომელთაც ასეულობით ღამე საქართველოსთვის, სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსთვის ლოცვაში დაგთენებიათ! ამიტომაც აიმაღლეთ ხმა ახლა, როცა გარეჯი გვეკარგება და ხალხს გამოფხიზლებისაკენ მოუწოდეთ, თუმცა  ერთ-ერთ ჟურნალში („ტაბულა“) თქვენ ბრალი დაგდეს,  რომ ხალხს ომისკენ მოუწოდებდით… ჟურნალისტს, რომელმაც ეს სასულიერო პირთან ინტერვიუში გააჟღერა, მღვდელიც დაეთანხმა – „ჭკუა დაგარიგათ“ – ასე არ შეიძლებოდაო… თქვენ ძალიან გულნატკენი ხართ ამის გამო…

– ომისკენ მოწოდება ძალიან მძიმე ბრალდებაა ჩემ მიმართ. მე თვითონ გამიკვირდა, ეს რომ წავიკითხე. არ ვიცი, ამ ჟურნალისტმა სად მოისმინა ან სად ნახა, რომ ხალხს ომისკენ მოვუწოდებდი; საიდან მოიტანა ჩემი მხრიდან ომის პროვოცირების მცდელობა. უბრალოდ, მე ერთ-ერთ ინტერვიუში აღვნიშნე, რომ ვიდრე ეს საკითხი ექვემდებარება განხილვას და მოლაპარაკების საგანია, შეიძლება გადაწყდეს მოლაპარაკების გზით,    მაგრამ თუ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის, მოხდა დემარკაცია და დელიმიტაცია, არსებული საზღვარი საზღვრად აღიარა ერთმა სახელმწიფომაც და მეორემაც  და არაფერი შეიცვალა, ამის შემდეგ ჩვენ უკვე მშვიდობიანად ვეღარ დავიბრუნებთ ამ ტერიტორიას და ერთადერთ გზად გვრჩება ომი. მე არ მითქვამს, რომ ომი უნდა დავიწყოთ; მე ვთქვი: ომი რომ არ იყოს, სანამ მოლაპარაკებებით შეიძლება ამ საკითხის მოგვარება, მანამდე მშვიდობიანად გადავწყვიტოთ ეს თემა! მიუხედავად ამისა,    თუკი ომის თემაზე მიდგება საკითხი, მაშინ სახელმწიფო რა სახელმწიფოა და რატომ ჰყავს ჯარი, თუკი თავისი ტერიტორიული მთლიანობა არ დაიცვა?!.

მე იმ ჟურნალისტს მინდა, დავუსვა კითხვა – რა მოხდა 2008 წელს? ჩვენ არ ვიომეთ? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავმარცხდით ამ ომში (თუმცა ზოგს შეიძლება სჯერა, რომ ჩვენ ამ ომში გავიმარჯვეთ და შესაძლოა, ეს იმ ჟურნალისტსაც სჯერა, მაგრამ მე ვიცი,    რომ დავმარცხდით)…  ჩვენ ხომ მაინც ვიომეთ?..

რაც შეეხება კომენტარებს – მე, პირადად, ისეთ თემაზე არასოდეს გავაკეთებ კომენტარს,    რაც არ ვიცი. არც ის მინდა, ვინმეს ცილი დავწამო. შეიძლება იმ მოძღვარსაც არ უთქვამს ასე, მე რომ ჭკუა დამარიგა, მაგრამ თუ ეს მან მართლა თქვა, რა თქმა უნდა, გული ძალიან მეტკინა – ჩვენ ერთი ბარძიმიდან ვეზიარებით და ერთი ეკლესიის შვილები ვართ და ვამბობთ – ქრისტე არს ჩვენ შორის! რადგან ქრისტეა ჩვენ შორის, ის მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ, როცა ძმაზე მეუბნებიან, რომ იმან ასე თქვა, მე ვუპასუხებდი: „არ ვიცი, ჩემი ყურით არ გამიგონია, „ვკითხავ მას და ჩემს სათქმელს აუცილებლად პირადად ვეტყვი“!

– მამაო,  დიდი ხანია, გიცნობთ და თქვენგან მილიტარისტული განცხადებები არასოდეს მომისმენია…

– არა… მე ბუნებით პაციფისტი ადამიანი ვარ, არანაირი ომი!

– მინდა, დღევანდელობასთან ისტორიული პარალელი გავავლო – 80-იან წლებში მე ბავშვი ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გარეჯით დაიწყო. შეიძლება ვიღაცას ჩემი ნათქვამი სასაცილოდ ან ზედმეტად მისტიკურად მოეჩვენოს, მაგრამ ყველაფერში უფლის ნება ან დაშვება მინდა, დავინახო. იქნებ გარეჯის დღევანდელი მდგომარეობა ჩვენთვის უფლის მიერ გაწნილი სილაა, რომ გამოვფხიზლდეთ?

– რა თქმა უნდა, სავსებით გეთანხმებით. უფლის ნების ან უფლის დაშვების გარეშე ადამიანს თმის ერთი ღერიც არ ჩამოუვარდება. თავისთავად ცხადია, რომ ქვეყანას ამხელა სიწმინდე არ დაეკარგება, თუ ერი ამისათვის არ არის განწირული.

მე თვითონ, უღირსი წინამძღვარი ამ წმინდა ლავრისა, ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას. ალბათ ამ ყველაფერში ჩემი ცოდვებიც აისახა. თუ ჩვენ არ ვიქნებით ღირსი ამ სიწმინდისა და მხოლოდ ვიტრაბახებთ, რომ მესამედი მადლია აქ იერუსალიმისა, ეს მადლი წაგვერთმევა ისევე, როგორც თავის დროზე წაერთვა რჩეულობა  იერუსალიმში მცხოვრებ იმ ადამიანებს, ვინც არ მიიღო მესია და არ აღიარა უფალი იესო ქრისტე! ასევე, ჩვენც თუ არ შევინანებთ და არ ვიქნებით ღვთის წინაშე ღირსეულნი,     თავისთავად ცხადია, წაგვერთმევა ეს მადლი, რადგან მადლი არ ჩერდება იქ, სადაც ბატონობს ცოდვა.

რა თქმა უნდა, წმინდა წერილში ნათქვამია: „სადაცა განმრავლდეს ცოდვა, მუნ გარდაემატოს მადლი!..“  მაგრამ ეს ხდება სინანულის შემდეგ, როცა ადამიანი ჩასწვდება თავისი ცოდვის სიღრმეებს და გულით შეინანებს. ალბათ ამას ელოდება ჩვენგან უფალი,    რომ მერე დაგვიბრუნოს თავისი წყალობა.

– მამაო, თქვენ თქვენს წილ პასუხისმგებლობაზე ისაუბრეთ,  თუმცა ჩვენც – ამ ქვეყნის უბრალო მოქალაქეებსაც, ჩვენი წილი საკეთებელი გვაქვს, რაც ალბათ ვერ ან არ გავაკეთეთ – დავდუმდით ძალიან ბევრ  უკეთურებაზე, სიბოროტეზე, სისასტიკეზე, ტაძრების ნგრევაზე, საპატრიარქოს გვერდით სამორინეს აშენებაზე, ასი ათასი მოწამის წამების ადგილზე ბუდა-ბარის აშენებაზე, სოდომ-გომორელთა ასე აღზევებაზე… ალბათ ყველამ ერთად – ერმაც და ბერმაც, დავიმსახურეთ დავითგარეჯის დღვანდელი დღე… რა არის ის უდიდესი ცოდვა, რაც უნდა შევინანოთ… სად არის ხსნა, მამაო?

– სიმართლე გითხრათ, ისეთ პრობლემაზე მსჯელობა, რაც მთელმა ერმა ერთად უნდა გადაწყვიტოს, ჩემს, როგორც ერთი ბერის, კომპეტენციას სცილდება, მაგრამ მე, უბრალოდ, იმას ვიტყოდი, რომ ყველა ადამიანმა თავის თავში უნდა დაამარცხოს ბოროტება, რადგან ადამიანი არის თავისი თავის უფალი! ჩვენ რაზეც გვაქვს ძალაუფლება ამქვეყნად, ეს არის საკუთარი თავი! ამიტომ საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს ყველამ გამოსწორება. ესაა საფუძველი! დანარჩენი მერე უკვე, ღვთის შეწევნით, თავისით მოვა, დალაგდება.

რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ეს ყველაფერი ნაყოფია იმ სულიერი მდგომარეობისა, რაც ჩვენს ერს სჭირს… ერი ხომ ადამიანთა ერთობლიობაა.

ასე რომ, ყველამ თავისი თავიდან უნდა დაიწყოს გამოსწორება. მეც ჩემი თავიდან უნდა დავიწყო და ჩემი წილი პასუხისმგებლობა უნდა ვიტვირთო ამ საკითხთან მიმართებაში,    რადგან  დღეს წინამძღვარი მქვია ამ მონასტრისა და,  სხვებთან  შედარებით,  დიდი პასუხისმგებლობა მეკისრება უფლის წინაშე.

– მამაო, ჩვენს საუბარს რუსულენოვანი მკითხველიც წაიკითხავს. მათ რას ეტყოდით?
– უპირველეს ყოვლისა, ყველა მათგანს დავლოცავ მამა დავით გარეჯელის ლოცვით გარეჯის ლავრიდან და ვისურვებდი, რომ ჩვენი მეგობრობა, სულიერო ძმობა და ქრისტეში ერთობა არ მოშლილიყოს! ქრისტესმიერი სიყვარული ყოფილიყოს საფუძველი ჩვენ შორის ურთიერთგაგებისა. ღმერთმა ყველა დაგლოცოთ, მშვიდობა და სულიერი სიხარული მოგმადლოთ, ამინ!

ესაუბრა შორენა სიხარულიძე

 

1-analit-ilarion2 1-analit-ilarion3

წყარო :saqinform.ge

Posted in ამონარიდები პრესიდან | Leave a comment

შეიძლება საქართველოს სახელიც კი შეუცვალონ….

ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თუ ისევ ის ხელისუფლება დარჩება, საქართველო აღარ იარსებებს და შეიძლება საქართველოს სახელიც კი შეუცვალონ, არის ამის მცდელობა. ჩვენი სინდისიდან გამომდინარე სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ,”- განაცხადა მრევლთან საუბრისას მეუფე იობმა.


Continue reading

Posted in ამონარიდები პრესიდან, სასულიერო პირები დავითგარჯზე | Leave a comment

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავითგარეჯას ლავრაში მოღვაწე ბერები დააკავეს! 11/07/12

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავითგარეჯას ლავრაში მოღვაწე ბერები დააკავეს!

Posted in ამონარიდები პრესიდან | Leave a comment

დავით გარეჯში ვითარება კვლავ უცვლელია 16.6.2012

წყარო:   www.tv9.ge

Posted in ამონარიდები პრესიდან | Leave a comment

გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ისევ დგანან 19:29 15-06-2012

გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ისევ დგანან, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” გარეჯის ლავრის მღვდელმონაზონმა კირიონმა აცნობა.     “21 მაისს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებებით აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორია 10 სამუშაო დღეში უნდა დაეტოვებინათ. მას შემდეგ 20 დღეზე მეტი გავიდა. აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს უდაბნოს მთის თხემი არ დაუტოვებიათ. ადრე თუ იქ ასვლისას 2 მესაზღვრე გვხვდებოდა, ახლა უკვე 6 მესაზღვრე დგას”,         – აღნიშნა მღვდელმონაზონმა კირიონმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები უდაბნოს მთის თხემზე ასულებს აზერბაიჯანის მხარეს ფოტოს გადაღებას უკრძალავენ. მამა კირიონი ამ ფაქტს აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან ძალაუფლების დემონსტრირებად მიიჩნევს.

(წყარო )

Posted in ამონარიდები პრესიდან | Tagged | Leave a comment

დავითგარეჯი – სტუდია რე 5.06.2012

Posted in ამონარიდები პრესიდან | Tagged , | Leave a comment

დროებითი უკანდახევა თუ ურთიერთმისაღები კომპრომისი (02.06.2012)

დავით გარეჯელის ხსენების დღეს, მისსავე სამონასტრო კომპლექსში მომლოცველებს პრობლემები არ შექმნიათ. სასულიერო პირებმა ერთდროულად ათი წირვა აღავლინეს. მათ შორის იმ ტაძრებშიც, რომლებშიც, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იდგნენ და ხალხს არ უშვებდნენ. მიუხედავად ამისა, ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ დავით გარეჯის დაკარგვის საფრთხე ისევ სერიოზულად დგას.

  • სოფელი უდაბნოში

გარეჯისკენ მიმავალი გზა ნორმალურია, მაგრამ უფრო უარესდება რაც კომპლექსს უახლოვდებით. სანამ მონასტრის ტერიტორიაზე მიხვალთ, სოფელი უდაბნო უნდა გაიაროთ. ეს ერთადერთი სოფელია, რომელიც მონასტერთან ახლოს მდებარეობს. დასახლებაში, სადაც სულ 180 ადამიანი ცხოვრობს, ყველაზე კარგად იციან ის პერიპეტიები, რაც სასაზღვრო ზოლში ხდება.

“დავით გარეჯის მონასტერში აქვთ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ კლდეში ნაკვეთ ტაძრებს იქეთ კიდევ 600 ჰექტარი საქართველოს საკუთრებაა. ჩიჩხიტურის კოშკი, რომელსაც ახლა აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონტროლებენ, ოთხი წლის წინ ჩვენი იყო, მაგრამ მოვიდნენ და უნებართვოდ დაიკავეს. მთელმა სოფელმა იარაღი ავისხით და Continue reading

Posted in ამონარიდები პრესიდან | Tagged , , , | 5 Comments

რამდენიმე ლექსი დავითგარეჯზე ….


 

Continue reading

Posted in ისტორიული წყაროები | Tagged , , , | Leave a comment

პირველი გარეჯობა აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან ერთად

(წყარო :info9.ge)

Posted in ამონარიდები პრესიდან | Leave a comment

უნდა დავიწყოთ და გავაგრძელოთ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე

„უნდა დავიწყოთ და გავაგრძელოთ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რადგან დავით გარეჯი საფრთხეშია“.– ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა მამა ილარიონმა განუცხადა.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, თითი დაუქნია საზოგადოებას – ამ თემაზე ფრთხილად ისაუბრეთო. ვურჩევ მათ, თითი საზოგადოებას კიარა საკუთარ მინისტრებს დაუქნიონ, რათა მათ მოზომილი განცხადებები გააკეთონ“ –აღნიშნა მამა ილარიონმა.

Posted in ამონარიდები პრესიდან | Tagged , , | Leave a comment